აღმოსავლეთ პარტნიორობის საკოორდინაციო სემინარი

16 დეკემბერი 2016

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (NALAG) და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) ორგანიზებით, თბილისში, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკოორდინაციო ორდღიანი სემინარი მიმდინარეობს. სემინარი ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის პრეზიდენტმა და რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და პლატფორმის აღმასრულებელმა მრჩეველმა ბორის ტონჰაუზერმა გახსნეს. ღონისძიებას ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა, საქართველოში ევროკავშირის ოფისის, ლიტვის, უკრაინის, მოლდოვის თვითმმართველობის ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე რუსთავის, მარნეულის, ბორჯომის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.                    

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საჯარო ადმინისტრირების რეფორმასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დეცენტრალიზაციის საკითხებს, ასევე 2030 წლისთვის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების როლს აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ყურადღება ევროკავშირის პროგრამებსა და იმ გამოწვევებზეც გამახვილდა, რომელთაც მოსახლეობისთვის მომდევნო 15 წლის განმავლობაში სარგებელი უნდა უზრუნველყონ. ძირითადი მიზნების განხილვისა და შემდგომში, ეროვნულ, ევროპულ თუ გლობალურ კონტექსტში მათი ადაპტირებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციები გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებასაც გეგმავენ. 
აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული საბჭო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად შეასრულოს და განახორციელოს პარტნიორობის ისეთი პროგრამები, როგორიცაა: საჯარო ადმინისტრირება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, თანამშრომლობა ახალგაზრდებთან, კულტურულ და ინოვაციურ პროექტებში ჩართულობა, გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნებისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით პარიზის 2015 წლის ხელშეკრულების განხორციელება.