ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ტრენერთა ტრენინგი გაიმართა

6 სექტემბერი 2018

ევროკავშირის პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში ტრენერთა ტრენინგი გაიმართა. 


ღონისძიება, რომელიც კაჭრეთში  მოეწყო, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ გახსნა და მასში ასოციაციის აღმარულებელი დირექტორის მოადგილემ - ნათია ღვინაშვილმა, ევროპის კავშირის რეგიონების კომიტეტის წევრმა, ლატვიის თვითმმართველობათა ასოციაციის ყოფილმა პრეზიდენტმა - ანდრის იაუნსლეინისმა, ევროკავშირის ექსპერტმა - მარის ფუკისიმ, ასევე ლატვიის ელჩის მოადგილემ საქართველოში - მადარა სილინამ და ათეა-ს ექსპერტებმა - ნინო ზურაბიშვილმა, დავით ზარდიაშვილმა, კახა გურგენიძემ, თამარ აბდალაძემ და დავით ჯიქიამ მიიღეს მონაწილეობა.

სტუმრებმა ევროკავშირში ადგილობრივი და რეგიონული, ასევე რურალური და თემზე დაფუძნებული განვითარების პოლიტიკაზე ისაუბრეს და ქართულ მხარეს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, მისი კომპონენტები განიხილეს და საქართველოში რეგიონული განვითარების პოლიტიკაზე, მუნიციპალიტეტების როლზე, ასევე იმ მეთოდოლოგიის დანერგვის გზებზე იმსჯელეს, რომელიც ხელს შეუწყობს თემის განვითარების პროცესს.

პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა), კვლევით ცენტრთან - PMC (საქართველო) და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALREG) თანამშრომლობით ახორციელებს. N4ED-ს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას.

​აღნიშნული პროექტი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.