საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტზე საკონსულტაციო შეხვედრები, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში გამართა.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი - დავით მელუა და მისი მოადგილე - ნათია ღვინაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან - მზია გიორგობიანთან, ასევე ათეა-ს ექსპერტთან - კახა გურგენიძესთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან - ნიკოლოზ როსებაშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მერებსა და საკრებულოების წევრებს დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პირველადი პროექტი გააცნეს.
შეხვედრებს ასევე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აღნიშნული საკითხით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ასოციაციისა და სამინისტროს წარმომადგენლებმა დეცენტრალიზაციის დოკუმენტში ასახულ ახალ სტრატეგიულ მიმართულებებზე დეტალურად იმსჯელეს და დამსწრე საზოგადოებას პირველადი პროექტის განხორციელების პრინციპები და მექანიზმები პრეზენტაციის სახით წარუდგინეს.
როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტი, თვითმმართველობისთვის, როგორც ახალი უფლებამოსილებების, ასევე მეტი ფინანსების გადაცემასა და მოქალაქეთა მონაწილეობის უკეთესი მექანიზმების შექმნის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.
დისკუსიის ფორმატში წარმართულ შეხვედრებზე, მუნიციპალიტეტების წევრებმა, რეგიონებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და მათი აღმოფხვრის მიზნით, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით, საკუთარი წინადადებები ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს.
მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების გაზრდა, ფისკალური დეცენტრალიზაცია, დელეგირებული უფლებამოსილების ფინანსური უზრუნველყოფა, ქონების გადაცემის პროცედურების გამარტივება, ადგილებზე სერვისების მიწოდების გაუმჯობესება, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტის დარგში კანონმდებლობის გაუმჯობესება - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც, აღნიშნულ შეხვედრებზე, მუნიციპალიტეტების წევრებთან დისკუსიისას გამოიკვეთა.
ათეა-ს წარმომადგენლების განცხადებით, საკონსულტაციო შეხვედრები, სწორედ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის დიალოგის წარმართვასა და დეცენტრალიზაციის ახალ სტრატეგიაში ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინებას ისახავს მიზნად.
,,შეხვედრებზე ბევრი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა. ასოციაცია მუნიციპალიტეტების მიერ შემოთავაზებულ წინადადებებს შეიმუშავებს და რეკომენდაციის სახით წარუდგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რათა დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის საბოლოო ვარიანტი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს საქართველოს მუნიციპალიტეტების ინტერესებს”, - აღნიშნა დავით მელუამ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, რეგიონებში პროექტის განხილვამდე, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან სტრატეგიაზე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ამ სფეროში მომუშავე ექსპერტების ჩართულობით, სამი სამუშაო ჯგუფი მუშაობდა.
„აღნიშნულ პროექტში, სამუშაო ჯგუფების მიერ შემოთავაზებული თითქმის ყველა საკითხი გავითვალისწინეთ, თუმცა რეგიონებში დისკუსიისა და სიღრმისეული განხილვისას მნიშვნელოვანი მოსაზრებები მოვისმინეთ სხვადასხვა მიმართულებით. ყველა ეს წინადადება შეჯერდება და საბოლოოდ აისახება დოკუმენტში“, - განაცხადა მზია გიორგობიანმა და აღნიშნა, რომ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის საბოლოო დამტკიცებამდე რეგიონებში შეხვედრები კვლავ გაიმართება.
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა შეხვედრის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ დოკუმენტის აღნიშნულ ფორმატში განხილვა ხელს შეუწყობს დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის ისეთი ვარიანტის შემუშავებას, რომელიც მუნიციპალიტეტების ინტერესებზე იქნება მორგებული.
დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი პროექტის განხილვა, 16 იანვარს დაიწყო. შეხვედრები ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ქუთაისში, ამბროლაურში, მცხეთაში, რუსთავში, თელავში, გორში და ახალციხეში გაიმართა.