ათეა-ს წარმომადგენლები ბუქარესტში გამართულ ტრენინგებში იღებენ მონაწილეობას

16 აპრილი 2019

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) წარმომადგენლები - ტატიანა ბოკუჩავა და ავთანდილ ოსეფაიშვილი, ბუქარესტში, შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამის პროექტის ,,მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა“ ფარგლებში გამართულ ტრენინგებში იღებენ მონაწილეობას.

შეხვედრები 16-17 აპრილს ეწყობა და მათ მიზანს ბენეფიციარების შესაძლებლობების გაზრდა, ტრენინგის მონაწილეებისთვის  პროექტის განხორციელების, შიდა და გარე კომუნიკაციის, პროექტის ფინანსური მენეჯმენტის, პროექტის მონიტორინგისა და საგრანტო ხელშეკრულების მოდიფიკაციის შესახებ ინფორმაციის მიღება წარმოადგენს.

,,black sea cooperation’’ ფარგლებში განხორციელებულ პროექტში, რომელიც შავი ზღვის რეგიონში მწვანე ტურიზმის აღორძინებას გულისხმობს, საქართველოსთან ერთად  რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, მოლდოვა და უკრაინა არიან ჩართულნი.

პროექტი ,, მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა“, რომელსაც ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივი ორგანიზაციების კავშირი (UBBSLA) საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALAG) თანამშრომლობით ახორციელებს 2018 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება.