ათეა-ს ორგანიზებით გამართული სამდღიანი ტრენინგი - „თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მოდელი“ დასავლეთ საქართველოში დასრულდა

8 ივლისი 2019

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG) სამდღიანი ტრენინგების -  „თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მოდელი“ - პირველი ეტაპი დაასრულა, რომელიც დასავლეთ საქართველოს 25 მუნიციპალიტეტში გაიმართა.

აღნიშნული ტრენინგები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში  ტარდება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას.

ტრენინგების პირველი ეტაპი, რომელიც 21 მაისს დაიწყო, 4 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. დასაწყისისთვის, პროექტის ფარგლებში შემუშავდა ტრენინგების მოდულები და გადამზადდნენ მოწვეული ტრენერები. ხოლო, მიზნობრივი აუდიტორია, ადგილობრივი თვითმმართველობისა დაადმინისტრაციულ ერთეულებში მერების წარმომადგენლებით, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჯგუფებით და თემის ლიდერებით განისაზღვრა.

სწავლების ციკლის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები და ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლები ისეთ საკითხებს გაეცნენ, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი საფუძვლები, თვითმმართველობის უფლებამოსილებები დამოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები. მათ ასევე, მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია სამოქალაქო ბიუჯეტირების საფუძვლების, CLLD-ს (თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარება) კონცეფციის, სამოქალაქო ბიუჯეტირებისა და თემის მობილიზების ტექნიკის საუკეთესო მეთოდოლოგიების შესახებ.

საერთო ჯამში, დასავლეთ საქართველოს 25 მუნიციპალიტეტში, 75 დღის განმავლობაში, 1700-ზე მეტმა მსმენელმა გაიარა სპეციალურად შემუშავებული პროგრამა.

აღნიშნული პროექტით, ტრენინგები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტშია გათვალისწინებული, რომლის მომდევნო ეტაპიც, მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება.

 იხილეთ ფოტო გალერეა: http://nala.ge/post/256250-