საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტის, დედაქალაქის მერის - კახა კალაძის მოწვევით, თბილისს ევროსაბჭოს 5-კაციანი დელეგაცია ეწვია.
დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც კონგრესის ვიცე პრეზიდენტი, ევროსაბჭოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტი - ქსავიერ კადორე, კონგრესის გენერალური მდივანი - ანდრეას კიფერი, ევროპის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და განვითარების პროექტების განყოფილების უფროსი - მარიტე მორასი, ასევე, კონგრესის ადგილობრივი დემოკრატიის კვირეულის თემატური მომხსენებელი - ბრიონ რუდკინი და კონგრესის სამდივნოს წარმომადგენელი - პალაუ ლეა შედიან, ათეა-ს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დედაქალაქის მერიის პირველ პირებთან გამართეს შეხვედრები, სადაც მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად, ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის საკითხზე იმსჯელეს.
მხარეებმა ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილეს და თანამშრომლობის შედეგად მიღწეულ წარმატებებზე, ასევე, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტზე, თვითმმართველობის გაძლიერების კუთხით განხორციელებულ რეფორმაზე და აღნიშნულ პროცესში ქალთა მეტი ჩართულობის საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრებზე, ასევე, საუბარი შეეხო ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის საკითხს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს. ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს კონგრესის წარმომადგენლებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სტუმრებმა კი, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს წარმატებები უსურვეს და თანადგომა აღუთქვეს.
დელეგაციასთან ერთად, აღნიშნულ შეხვედრებს ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტი - თამარ ტალიაშვილი ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს დელეგაცია, 24 სექტემბერს, კახა კალაძის ინიციატივით გამართულ საზეიმო ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის, ევროპის საბჭოს 70 წლისა და ევროპის საბჭოს კონგრესის 25 წლის იუბილეებს ეძღვნება.
ამავე ღონისძიებაზე, ასევე ხელი მოეწერება ევროპულ ქარტიას ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ, რომლის მიხედვითაც თვითმმართველობები ვალდებულებას იღებენ საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში გაატარონ ღონისძიებები და ითანამშრომლონ თანასწორობის გასაუმჯობესებლად.
ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) მიერ 2006 წლის მაისში შექმნილ დოკუმენტს საქართველოს 4 მუნიციპალიტეტის - რუსთავის, ქუთაისის, ოზურგეთისა და ლაგოდეხის მერები მოაწერენ ხელს.