რუსთავის, ქუთაისის, ოზურგეთისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მერებმა ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ’’ ევროპულ ქარტიას მოაწერეს ხელი.
ხელმოწერის ცერემონია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით გაიმართა.
დოკუმენტი, რომელიც ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) მიერ, 2006 წლის მაისში შეიქმნა, მუნიციპალიტეტებში გენდერული ბალანსის დამკვიდრებასა და ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის გასაუმჯობესებლად, საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში, ღონისძიებების გატარებას ისახავს მიზნად.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ამ ვალდებულების განსახორციელებლად თითოეული ხელმომწერი მხარე ვალდებულია შეადგინოს თანასწორობის სამოქმედო გეგმა, სადაც განსაზღვრული იქნება ის პრიორიტეტები, ქმედებები და რესურსები, რომლებიც მიზნის მისაღწევადაა საჭირო.
ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტის - თამარ ტალიაშვილის განცხადებით, აღნიშნულ ქარტიას პირველად უერთდებიან საქართველოს მუნიციპალიტეტები.
„ამ ქარტიის წევრი ევროპის 1600-ზე მეტი ქალაქი და ადგილობრივი თვითმმართველობაა. ეს არის უდაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით. ისტორიული მოვლენაა ადგილობრივ ცხოვრებაში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ევროპულ ქარტიასთან პირველი ქართული თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიერთება,“- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ქარტიის ხელმოწერას წინ უძღვოდა პროექტი „ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში - ევროპული ქარტიის პრინციპები“, რომლის ფარგლებშიც, თამარ ტალიაშილის ინიციატივით, 2017 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში კონფერენციები გაიმართა. პროექტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და გაერო-ს განვითარების პროგრამის საქართველოს წარმომადგენლობის (UNDP Georgia), ევროპის ასოციაცია ადგილობრივი დემოკრატიისთვის (ALDA) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პარტნიორობით განხორციელდა.
ევროპულ ქარტიაზე ხელმოწერის ცერემონია, საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის, ევროპის საბჭოს 70 წლისა და ევროპის საბჭოს კონგრესის 25 წლის იუბილეებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა, რომელიც ათეა-ს პრეზიდენტის, თბილისის მერის - კახა კალაძის ინიციატივით მოეწყო.
ათეა-სა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა და რეგიონული კონგრესის ერთობლივი ღონისძიება, საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
საიუბილეო ღონისძიებას, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოეწყო, ევროსაბჭოს კონგრესის, ასევე საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.