საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ და ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს ეროვნულმა კოორდინატორმა საქართველოდან - ნათია ღვინაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ, ეროვნული თანხმობის პროცესის პირველ საჯარო განხილვაში მიიღო მონაწილეობა.
ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრა, რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები ესწრებოდნენ, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განმარტა, წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის, აუცილებელია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების აქტიური ჩართულობა, რაც მათი მოსაზრებების, ინიციატივებისა და პოზიციების ჩამოყალიბებას გულისხმობს.
3 საათიანი შეხვედრა საჯარო დისკუსიის ფორმატში წარიმართა, რომელიც ორ სხვადასხვა დარბაზში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
„მისასალმებელია, რომ ეროვნული თანხმობის პროცესი ძალზე გამჭვირვალედ დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები იღებენ. იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ფორმატი მართლაც ეფექტიანი იქნება, რაშიც ჩვენი მანდატის ფარგლებში, ჩვენც შევძლებთ საკუთარი წვლილი შევიტანოთ“-აღნიშნა ნათია ღვინაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული თანხმობის პროცესის მნიშვნელობაზე თავდაპირველად 2021 წლის 10 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ინკლუზიური პროცესის წამოწყებასთან ერთად, აღნიშნული ნაბიჯები ხელს შეუწყობს საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც საზოგადოება აქტიურად იქნება ჩართული.