საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა რიგით მეშვიდე ეროვნული ასამბლეა

9 მარტი 2022

ათეა-ს ორგანიზებით, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა რიგით მეშვიდე ეროვნული ასამბლეა გაიმართა.

მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა და ქალაქ თბილისის მერმა - კახა კალაძემ გახსნა.

ათეა-ს პრეზიდენტი, სიტყვით გამოსვლისას, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინისა და მისი მოქალაქეების დახმარების მიზნით, საქართველო ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს.

კახა კალაძემ, მოხსენებისას, ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების პროცესში ათეას როლზე გაამახვილა ყურადღება და როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, მისი საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ღონისძიებაზე, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრე საზოგადოებას, ასევე, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ - მზია გიორგობიანმა, ევროპის საბჭოს კონგრესის ადგილობრივი ხელისუფლების პალატის პრეზიდენტმა - ბერნდ ვიორინგერმა, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ - ირაკლი ზარქუამ და ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს გენერალურმა მდივანმა - ფრანჩესკო როსიმ.

მისასალმებელი სესიის შემდეგ, შეხვედრის მონაწილეებმა სხდომის თავმჯდომარედ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძე, მდივნად კი, ევროპის საბჭოს კონგრესის დელეგაციის წევრი - ნინო ქავთარაძე აირჩიეს.

სხდომის თავმჯდომარემ, პროცედურების დაწყებამდე, უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა გამოხატა, რის შემდეგაც, ასამბლეის წევრებმა უკრაინაში საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას, წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

საწესდებო საკითხებზე მსჯელობა კი, ათეა-ს პრეზიდენტის არჩევნებით დაიწყო.

გიორგი ტყემალაძემ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე, მეორე ვადით, ორგანიზაციის მოქმედი პრეზიდენტი - კახა კალაძე წარადგინა, რომლის კანდიდატურასაც, დელეგატთა უმრავლესობამ ღია კენჭისყრით დაუჭირა მხარი.

ასევე, ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობაც, რომელიც ყველა რეგიონიდან წარდგენილი კანდიდატებით დაკომპლექტდა.

„ეროვნული თვითმმართველობის ასამბლეაზე ასოციაციის პრეზიდენტად მოქმედი პრეზიდენტი კახა კალაძე ავირჩიეთ. მინდა მივულოცო მას და წარმატებები ვუსურვო.. ასევე მინდა ხაზი გავუსვა ათეა-ს მნიშვნელოვან როლს, როგორც მუნიციპალიტეტების კოორდინაციის, ასევე ყველა საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის მიმართულებით.

დღესვე ავირჩიეთ ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, რომელიც იმ პროპორციით და იმ შედეგებიდან გამომდინარე დაკომპლექტდა, რა შედეგებიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში დაფიქსირდა. შესაბამისად, აღმასრულებელი საბჭოში ოპოზიციის კვოტა სრულად არის გათვალისწინებული,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ეროვნულ ასამბლეაზე წარმოდგენილმა დელეგატებმა, დღესვე, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის სარევიზიო კომისიის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, რომლის წევრებადაც ბოლნისის, ცაგერისა და ნინოწმინდის მერები-დავით შერაზადიშვილი, გიორგი ნემსაძე და ანივარდ მოსოიანი აირჩიეს.

დელეგატებმა, ასევე, მხარი დაუჭირეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ ბოლო საკითხსაც, რომელიც ათეას წესდებაში ცვლილებების შეტანას გულისხმობდა. კერძოდ, ასამბლეის მონაწილეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ასოციაციის მთავარ დოკუმენტში, ტექნიკური საკითხების გარდა, ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის პრინციპები აისახა.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში, ასოციაციის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს ევროპის საბჭოს კონგრესის საერთაშორისო პროგრამების უფროსმა - მარიტე მორასმა და ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ, რის შემდეგაც შეხვედრა გიორგი ტყემალაძემ შეაჯამა.

​საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, რომელიც ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტს აერთიანებს, 2004 წლის 17 დეკემბერს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში დაფუძნდა.

აღსანიშნავია, რომ ათეა არის საქართველოს მთავრობის პარტნიორი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის თვითმმართველობათა პალატაში დელეგაციის წარდგენისას, ასევე, ასოციაცია წარმატებით თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის არაერთ ევროპულ გაერთიანებასთან.

​ უკვე 18 წელია, რაც ათეა ხელს უწყობს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას და წევრი მუნიციპალიტეტების მიერ მინიჭებული მანდატის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს სხვადასხვა პროექტებსა თუ ღონისძიებებს, რაც ასევე, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას გულისხმობს.

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა VII ეროვნული ასამბლეა, რომელიც სასტუმროში - „ბილტმორ თბილისი“ გაიმართა, ევროპის საბჭოს კონგრესისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მოეწყო.