ათეა აცხადებს მორიგ კონკურსს საუკეთესო პრაქტიკის გამოსავლენად საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის

20 ოქტომბერი 2022

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა) აცხადებს კონკურსს საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის 2021-2022 წწ კარგი მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის გამოსავლენად.

საუკეთესო პრაქტიკების პროგრამის მმართველი კომიტეტის პირველმა სხდომამ, რომელიც 2022 წლის 19 ოქტომბერს ჩატარდა, მიიღო გადაწყვეტილება რომ 2021-2022 წლების საუკეთესო პრაქტიკის პროგრამისთვის (BPP) შეირჩეს შემდეგი 14 საკონკურსო თემა:  

1.     მოქალაქეთა მონაწილეობა, ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება;

2.     ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა და მონაწილეობითი ეკონომიკური განვითარების ინოვაციური მოდელების დანერგვა;

3.     გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური სერვისების განვითარება;

4.     სკოლამდელი აღზრდა, სკოლისგარეშე განათლება და ზრდასრულთა განათლების მუნიციპალური პროგრამები;

5.     გარემოს დაცვა, ენერგოეფექტურობის და კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის ხელშეწყობა;

6.     მუნიციპალური მყარი ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკის მოდელის დანერგვაში ხელშეწყობა;

7.     ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა;

8.     მუნიციპალური სოციალური პროგრამების მონაწილეობითი დაგეგმვა, მუნიციპალური სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანობის და ხელმისაწვდომობის გაზრდა;

9.     ბავშვის საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამები, ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვზე მავნე ზემოქმედების პრევენცია;

10.  ადამიანის უფლებათა დაცვა ადგილობრივ დონეზე;

11.  კერძო-საჯარო დიალოგი და პარტნიორობა ადგილობრივ დონეზე;

12.  საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობა და განვითარების პროექტებისთვის საერთაშორისო დაფინანსების მოძიების წარმატებული გამოცდილება;

13.  ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა;

14.  საკრებულოს მაღალი პოლიტიკური კულტურა, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოზე ეფექტიანი ზედამხედველობა და საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე.

პროგრამის მმართველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, საკონკურსო განაცხადების მიღების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 28 ნოემბერი. კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები გამოვლინდებიან,  საჯარო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლებით და შესაბამისი დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული შეფასების კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, პროგრამის მმართველი კომიტეტის მიერ, რომლის შემაჯამებელი სხდომა 2022 წლის 8 დეკემბერს გაიმართება.  

კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის  ეროვნულ კონფერენციაზე.


2021-2022 წლების კარგი პრაქტიკების კონკურსი ტარდება ევროკავშირის (EU), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს  და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ევროპის საბჭოს კონგრესთან პარტნიორობით. 

​საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია,  დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, 2018 წლიდან  ახორციელებს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას (Best Practice Program), რომელიც ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული ინსტრუმენტია კარგი მმართველობის წარმატებული  მაგალითების გამოვლენისა და გაზიარებისთვის.