სტრასბურგში ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ, ევროპის საბჭოს კონგრესში წარდგენილი დელეგაციის წევრებმა - ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, ევროპის საბჭოს კონგრესში დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ და ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოსა და თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა ლევან ჟორჟოლიანმა, ასევე, დედაქალაქის საკრებულოს წარმომადგენელმა ოთარ გრიგოლიამ მიიღეს მონაწილეობა.
სხდომის პირველი ნაწილი, რომელიც მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ, გუდრუნ მოზლერ ტორნსტრომმა გახსნა, წევრი ქვეყნების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის შესრულების ანგარიშების განხილვას დაეთმო.
აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკაში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის შესრულების მონიტორინგის მისიას ქართული მხარე ხელმძღვანელობდა, რომლის შედეგებიც, დამსწრე საზოგადოებას ლევან ჟორჟოლიანმა შვეიცარიელ კოლეგასთან, მატიას გიზინთან ერთად წარუდგინა.
სიტყვით გამოსვლისას, ათეას წარმომადგენელმა თურქეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებიც არიან ჩართულნი.
ლევან ჟორჟოლიანმა, მონიტორინგის მისიის შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„სლოვაკეთში თვითმმართველობის ევროპული ქარტიის რატიფიცირება განხორციელდა 2000 წელს. თუმცა, ქარტიის დამატებითი პროტოკოლი ადგილობრივი ხელისუფლების საქმეებში მონაწილეობის უფლების შესახებ, ამ დრომდე არაა რატიფიცირებული და ხელმოწერილი. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული საკითხი გადაიჭრება. ამ ეტაპზე მზადების პროცესშია მოხსენება და რეკომენდაცია სლოვაკეთის რესპუბლიკაში ქარტიის იმპლემენტაციის შესახებ, რომელსაც განსახილველად და მისაღებად, უახლოესი მონიტორინგის კომიტეტისა და კონგრესის პლენარულ სხდომებზე წარმოგიდგენთ", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა, კომიტეტის მე-5 ვიცე-თავმჯდომარის არჩევნებშიც მიიღეს მონაწილეობა, რის შემდეგაც კომიტეტის წევრებმა უკრაინის მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში არსებული ვითარება შეაფასეს, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე იმსჯელეს და ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშები და სამომავლო გეგმები განიხილეს.