ათეას აღმასრულებელმა საბჭომ ,,ადამიანის უფლებათა რეალიზებაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების როლის გაძლიერების სტრატეგია 2023-2025“ დაამტკიცა

18 ოქტომბერი 2023

 

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) აღმასრულებელმა საბჭომ ,,ადამიანის უფლებათა რეალიზებაში  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების როლის გაძლიერების სტრატეგია 2023-2025“ დაამტკიცა.

დოკუმენტის მიღების შესახებ, საბჭოს წევრებმა,  რიგით  XLV სხდომაზე იმსჯელეს, რომელსაც ათეას ვიცე-პრეზიდენტი, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა.

აღნიშნული სტრატეგია, სხდომის მონაწილეებს,  ათეას ადამიანის უფლებათა დაცვის ლოკალიზაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ და  დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ნინო ზურაბიშვილმა გააცნეს.  

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დოკუმენტი,  2023-2025 წლებს მოიცავს და წარმოადგენს ათეას განაცხადს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების როლის გაზრდის შესახებ. აღსანიშნავია, რომ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების პროცესში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა მიიღეს უფლებამოსილებები ცალკეული ჯგუფების უფლებების დაცვისა და სოციალური მომსახურების ორგანიზების სფეროში. თვითმმართველი ერთეულები, ასევე აქტიურად მუშაობენ დისკრიმინაციის აღმოფხვრის, გენდერული თანასწორობის, ბავშვთა დაცვისა და შეზღუდული შესაძლებლობის პირების უფლებების დაცვის, თანასწორობისა და ინკლუზიის ხელშეწყობის მიმართულებით. შესაბამისად, ამ სტრატეგიის მიზანია მუნიციპალიტეტების საქმიანობა მოაქციოს ერთიან სისტემაში და გახადოს ის შესაბამისი საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან, ასევე უზრუნველყოს ინსტიტუციური დიალოგი მუნიციპალიტეტებსა და სახალხო დამცველს შორის.

სტრატეგიის ამოცანებისა და მიზნების გაცნობის შემდეგ,  დოკუმენტის მისაღებად ღია კენჭისყრა გაიმართა.

აღმასრულებელმა საბჭომ ,,ადამიანის უფლებათა რეალიზებაში  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების  როლის გაძლიერების სტრატეგია 2023-2025“ ერთხმად დაამტკიცა.  

აღსანიშნავია, რომ  ადამიანის უფლებათა დაცვის ლოკალიზაციის კომიტეტი, რომელმაც აღნიშნულ სტრატეგიაზე იმუშავა, ათეას აღმასრულებელი საბჭოს ქოლგის ქვეშ ჩამოყალიბდა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული, ევროპის საბჭოს კონგრესისა და ასოციაციის ერთობლივი პროექტის - „საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ფარგლებში შეიქმნა.