საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, საქართველოს სახალხო დამცველთან თანამშრომლობითა და ევროპის საბჭოს კონგრესის მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა ლოკალიზაციის პლატფორმის პირველი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაში, რომელსაც ასოციაციის ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის თავმჯდომარე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე ხელმძღვანელობდა, მონაწილეობას იღებდნენ ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები და მუნიციპალიტეტების პირველი პირები, ასევე სახალხო დამცველისა და ევროპის საბჭოს ოფისებისა და სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა წარმომადგენლები.
მონაწილეები ეროვნული პლატფორმის კონცეფციასა და დებულებას გაეცნენ, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას, პრეზენტაციის სახით, ათეას ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის ექსპერტმა, ევროსაბჭოს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ნინო ზურაბიშვილმა წარუდგინა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსაზრებების გაცვლას საქართველოს მუნიციპალიტეტებს, სახალხო დამცველსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის მუნიციპალიტეტების როლსა და ადგილზე ადამიანის უფლებების დაცვის, ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის პოლიტიკის განხორციელებაში.
ასევე, პლატფორმის ამოცანას წარმოადგენს, გასცეს რეკომენდაციები და კონსულტაცია გაუწიოს მუნიციპალიტეტებს კანონით გათვალისწინებული ამოცანების სწორად და ეფექტიანად შესრულებისთვის.
აღსანიშნავია, რომ პლატფორმის მუშაობაში ჩაერთვებიან ათეას ადამიანის უფლებათა ლოკალიზაციის კომიტეტისა და საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის, ასევე, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრემიერ მინისტრის აპარატის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან გადაადგილებულთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენლები.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრის თემატიკიდან გამომდინარე, სხდომებზე მოწვეულნი იქნებიან შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.
შეხვედრა, რომელიც დისკუსიის ფორმატს მოიცავდა, მანანა ნარიმანიძემ და ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტისა და თბილისის საკრებულოს წევრმა, ლევან ჟორჟოლიანმა შეაჯამეს და სამომავლოდ ნაყოფიერი მუშაობის იმედი გამოთქვეს.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ლოკალიზაციის პლატფორმა, პროექტის "მოქალაქეთა მონაწილეობის და ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც ათეა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ახორციელებს.