სევდია უგრეხელიძე, ევროსაბჭოს კონგრესის ადგილობრივი თვითმმართველობის პალატის ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად, მესამე ვადით აირჩიეს

25 ოქტომბერი 2023

ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ევროპის საბჭოს კონგრესში წარდგენილი ქართული დელეგაციის წევრებმა, ათეას ვიცე - პრეზიდენტმა, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ტყემალაძემ, თბილისის, სენაკისა და ოზურგეთის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებმა - ლევან ჟორჟოლიანმა, ოთარ გრიგოლიამ, სევდია უგრეხელიძემ და თათია ნიკოლაშვილმა, აგრეთვე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა - ირაკლი ჭეიშვილმა, კონგრესის რეგიონთა და ადგილობრივი თვითმმართველობების პალატების პრეზიდენტებისა და ვიცე-პრეზიდენტების არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ კონგრესის ადგილობრივი თვითმმართველობის პალატის ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად, მესამე ვადით, სევდია უგრეხელიძე აირჩიეს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ევროპის სახალხო პარტიამ (EPP/CCE) წარადგინა.

ქართული დელეგაციის წარმომადგენელმა, კოლეგებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ კიდევ უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

ევროსაბჭოს კონგრესის თანამდებობის პირთა არჩევნები ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 45-ე პლენარული სესიის ფარგლებში გაიმართა, რომელზეც ქართული დელეგაციის წევრები, კოლეგებთან ერთად, სესიაზე წარმოდგენილ სხვადასხვა თემებზე მოხსენებებით გამოვიდნენ და მიმდინარე საკითხების ირგვლივ გამართულ დისკუსიებში ჩაერთნენ.

სესიაში, რომელიც 26 ოქტომბერს დასრულდება, ასევე მონაწილეობას იღებს, ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში - CORLEAP დელეგაციის ხელმძღვანელი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), ევროსაბჭოს კონგრესთან 2004 წლიდან თანამშრომლობს და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის თვითმმართველობათა პალატაში დელეგაციის წარდგენისას საქართველოს მთავრობის პარტნიორ ორგანიზაციას წარმოადგენს.