Projects

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა

(გზამკვლევი)

 

შინაარსი

  1. შესავალი: საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის მნიშვნელობა
  2. პროგრამის განხორციელებისათვის შექმნილი ორგანოები და მათი საქმიანობის წესი:

ა) მმართველი კომიტეტი - ამოცანები და ფუნქციები, დაკომპლექტების წესი, საქმიანობის წესი;

ბ) შეფასების კომისია - ამოცანები და ფუნქციები, დაკომპლექტების წესი, საქმიანობის წესი;

  1. შეფასების კრიტერიუმები და ინდიკატორები
  2. პროგრამის მიმდინარეობის ეტაპები:
  • პროგრამისათვის თემების შერჩევა და პროგრამის გამოცხადება;
  • კონკურსანტების განაცხადების მიღება;
  • მიღებული განაცხადების შესწავლა და შეფასება;
  • გამარჯვებული ქეისის გამოვლენა და დაჯილდოვება;
  • წარმატების მაგალითების გასაჯაროება და გამოყენება სხვა მუნიციპალიტეტში

 

დანართი: განაცხადის/აპლიკაციის ფორმა

 

  1. შესავალი. საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის მნიშვნელობა

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა გახლავთ ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული და ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტი, რომელიც ემსახურება მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული წარმატების მაგალითების გამოვლენას და მათ გამოყენებას სხვა მუნიციპალიტეტებში.

ყველა ქვეყანას აქვს მუნიციპალური სერვისების მიწოდების საკუთარი პრაქტიკა. ერთ ქვეყანაში აპრობირებული მიდგომები და წარმატების ქეისები შეიძლება განუხორციელებელი იყოს და ეს გამოცდილება ვერ გამოდგეს სხვა ქვეყნის მუნიციპალიტეტებისათვის. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ამ პროგრამის მეშვეობით გამოვლინდეს საქართველოს თვითმმართველ ერთეულებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის ქეისები, რომლებიც გამომდინარეობს ჩვენს ქვეყნაში არსებული კულტურული, სოციალურ-ეკონომიკური თუ  სამართლებრივი გარემოდან და, შესაბამისად, ადვილად მისაღები და განხორციელებადია ჩვენი ქვეყნის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა მუნიციპალიტეტებს აძლევს საშუალებას მოახდინონ თავისი ეფექტიანი მუშაობის დემონსტრირება, გაიზიარონ ერთმანეთის გამოცდილება და სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით დანერგონ მათ წინაშე არსებულ გამოწვევევებთან გამკლავების უკვე აპრობირებული, ხოლო რიგ შემთხვევებში ინოვაციური გზები. ამ პროგრამაში მონაწილეობით მუნიციპალიტეტები წარმოაჩენენ, თუ როგორ უმკლავდენიან მუნიციპალური სერვისების მიწოდების კუთხით არსებულ გამოწვევებს და რამდენად მზად არიან იმ დამატებითი უფლებამოსიელებებისათვის, რომლებიც დეცენტრალიზაციის რეფორმის შედეგად ეტაპობრივად მიენიჭებათ თვითმმართველ ერთეულებს.

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის განხორციელების შედეგად:

  • გაიზრდება ჯანსაღი შეჯიბრებითობა მუნიციპალიტეტებს შორის;
  • გამოვლენილი საუკეთესო პრაქტიკის ქეისები გახდება ხელმისაწვდომი სხვა მუნიციპალიტეტებისათვის და მათ მიეცემათ საშუალება საკუთარ მუნიციპალიტეტებში დანერგონ უკვე წარმატებული პროექტები;
  • ამაღლდება ინფორმირებულობა თვითმმართველობების ეფექტიანი მუშაობის შესახებ როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე;
  • მოხდება პოზოტიური საზოგადოებრივი აზრის ფორმირება;

 

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის განხორციელებაში განსაკუთრებლ როლს თამაშობს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა). ათეა არის ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა თვითმმართველ ერთეულს. ასოციაციის მიზნებში შედის თვითმმართველ ორგანოთა ინტერესთა დაცვა როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა, თანამშრომლობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან დეცენტრალიზაციის სფეროში, ასევე, მუნიციპალიტეტის პრობლემათა იდენტიფიცირება,  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ურთიერთდაკავშირება და არსებული პრაქტიკული გამოცდილებისა და მიღწევათა განზოგადება/დანერგვა.

 

  1. პროგრამის განხორციელებისათვის შექმნილი ორგანოები და მათი საქმიანობის წესი

მუნიციპალიტეტებს შორის კონკურსის გამოცხადებისა და მისი ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამის ფარგლებში იქმნება შემდეგი დროებითი ორგანოები:

ა) მმართველი კომიტეტი, რომლის ფუნქციებში შედის კონკურსისთვის თემების შერჩევა, შეფასების კომისიის შემადგენლობის დამტკიცება, შეფასების კრიტერიუმებისა და ინდიკატორების დამტკიცება, აპლიკაციის/განაცხადის ფორმის დამტკიცება, შეფასების კომისიის დასკვნების განხილვა, გამარჯვებულის გამოვლენა/დაჯილდოვება;

ბ) შეფასების კომისია, რომლის ფუნქციებში შედის შეფასების კრიტერიუმებისათვის შეფასების ინდიკატორების შემუშავება და მმართველი კომიტეტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა, აპლიკაციის/განაცხადის ფორმის შემუშავება, შემოსული განაცხადების  განხილვა, short-list კანდიდატების შერჩევა და დასკვნების მომზადება; საჭიროების შემთხვევაში, მომიჯნავე საკონკურსო თემებისა და დარგების შესაბამისი შეფასების მიზნით, მმართველი კომიტეტის გადაწყვეტილებით შესაძლებელია  შეფასების რამდენიმე კომისიის შექმნა,

პროექტის წარმატებით განხორცილებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მმართველი კომიტეტისა და შეფასების კომისიის დაკომპლექტებას. ორივე ორგანო უნდა დაკომპლექტდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისრტროს, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობების კომიტეტის, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებით, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე  ექსპერტებითა და დარგის სპეციალისტებით. ამასთან, სამთავრობო უწყებებიდან წარმოდგენილი წევრების რაოდენობა მმართველ კომიტეტში არ უნდა აღემატებოდეს კომიტეტის დანარჩენი წევრების რაოდენობას.

მმართველ კომიტეტს ჰყავს საპატიო თავმჯდომარე (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირი). კომიტეტი არჩევს საკონკურსო თემებს და წარმატების მაგალითების გამოვლენის მიზნით აცხადებს კონკურსს მუნიციპალიტეტებს შორის (კონკურსის გამოცხადების და ინფორმაციის გავრცელების ინსტრუმენტები დაკონკრეტებულია საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ეტაპების აღწერისას). მმართველი კომიტეტი ამტკიცებს შეფასების კომისიის შემადგენლობას, ამტკიცებს  შეფასების კრიტერიუმებსა და შეფასების ინდიკატორებს, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის სპეციფიკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით კონკრეტულ კრიტერიუმებს ანიჭებს შესაბამის კოეფიციენტს. მმართველი კომიტეტი ამტკიცებს განაცხადის/აპლიკაციის ფორმას და განიხილავს საკონკურსო განაცხადების თაობაზე შეფასების კომისიის მიერ შედგენილ დასკვნებს, არჩევს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითს და აჯილდოებს გამარჯვებულ მუნიციპალიტეტს. მმართველი კომიტეტის მუშაობის ფორმა არის მმართველი კომიტეტის სხდომა, რომელიც ტარდება კომიტეტის უფლებამოსილებებს მიკუთვნებული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით. საკითხების, მათ შორის შეფასების კომისიის მიერ წარდგენილი დასკვენების განხილვა ხდება კომიტეტის სხდომაზე. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. მმართველი კომიტეტის დასკვნა/მოსაზრება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ფორმდება „მმართველი კომიტეტის გადაწყვეტილების“ ფორმით. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა. თუ მმართველი კომიტეტის წევრი საპატიო მიზეზით ვერ ესწრება კომიტეტის სხდომას, იგი უფლებამოსილია კომიტეტს მიაწოდოს წერილობითი მოსაზრება განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით. მმართველი კომიტეტის სხდომის ორგანიზაციულ მხარდაჭერას, მათ შორის: კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის, ასევე განსახილველი დოკუმენტაციის კომიტეტის წევრებისათვის მიწოდებას, კომიტეტის გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას და კომიტეტის სხდომის ოქმის გაფორმებას უზრუნველყოფს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია) წარმომადგენელი.

შეფასების კომისია უნდა დაკომპლექტდეს იმგვარად, რომ მასში ჩართული იყვნენ სხვადასხვა დარგის აღიარებული სპეციალისტები და ექსპერტები.

კომისია საკონკურსო თემების სპეციფიკის გათვალისწინებით თითოეული კრიტერიუმისათვის შეიმუშავებს შეფასების ინდიკატორებს და დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველ კომიტეტს. შეფასების კომისიის წევრები შეისწავლიან შემოსულ საკონკურსო განაცხადებს/აპლიკაციებს და თანდართულ დოკუნენტაციას. კომისიის წევრები უფლებამოსილნი არიან, განსახილველ ქეისზე ინფორმაციის დაზუსტების მიზნით დამატებითი კითხვით მიმართონ განაცხადის წარმდგენ მუნიციპალიტეტს, საჭიროების შემთხვევაში ჩავიდნენ მუნიციპალიტეტში, პროექტის ადგილზე გაცნობისა და შეფასების მიზნით. კომისიის წევრები ვადლებულნი არიან თითოეულ განსახილველ განაცხადთან დაკავშირებით შეადგინონ წერილობითი დოკუმენტი - „შეფასების აქტი“, რომელშიც მოცემული უნდა იყოს, თუ რამადენად შეესაბამება  საკონკურსო ქეისი შეფასების დადგენილ კრიტერიუმებსა და ინდიკატორებს, შესაბამისი  არგუმენტაცია და საბოლოო დასკვნა.

კომისიის წევრების მიერ თითოეულ ქეისზე წარმოდგენილი „შეფასების აქტის“ განხილვა ხდება შეფასების კომისიის სხდომაზე. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. კომისია განიხილავს ექსპერტთა მოსაზრებებს და მათზე დაყრდნობით ამზადებს საკონკურსო განაცხადის საბოლოო/შეჯერებულ დასკვნას („შეფასების კომისიის დასკვნას“), რომელშიც აისახება საკონკურსო ქეისის შეფასება კრიტერიუმების მიხედვით (თითოეული კრიტერიუმისათვის ათქულიანი შკალით), მოკლე არგუმენტაცია და მისი რეიტინგი იმავე თემატიკაზე შემოსული საკონკურსო განაცხადების/აპლიკაციების სიაში. აღნიშნული დასკვნა წარედგინება მმართველ კომიტეტს საუკეთესო პრაქტიკის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

შეფასების კომისია გადაწყვეტილებას იღებს განსახილველ საკითხზე კენჭისყრით. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, შეფასების კომისიის დასკვნაში დეტალურად ფიქსირდება განსხვავებული მოსაზრებები. ასეთ საკონკურსო განაცხადზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პროგრამის მმართველი კომიტეტი.

შეფასების კომისიის სხდომის ორგანიზაციულ მხარდაჭერას, მათ შორის: კომისიის სხდომის დღის წესრიგის, ასევე განსახილველი დოკუმენტაციის კომისიის წევრებისათვის მიწოდებას, კომისიის შემაჯამებელი დასკვნის პროექტების მომზადებას და კომისიის სხდომის ოქმის გაფორმებას უზრუნველყოფს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია) წარმომადგენელი.

 

  1. საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის შეფასების კრიტერიუმები და შეფასების ინდიკატორები

იმისათვის, რომ წარმოდგენილი ქეისი აღიარებული იქნას როგორც საუკეთესო პრაქტიკა, იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • წარმატებული (Successful) - მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროგრამა/პროექტი, რომელიც დადებითად აისახა ადგილობრივ მოსახლეობაზე და მიღწეული იქნა დაგეგმილი პოზიტიური შედეგი.
  • გამჭვირვალე (Transparent) - პროგრამის/პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ხელმისაწვდომობა და ღიაობა (მაგ.: საჯარო სივრცეში ინფორმაციის განთავსება ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი ფორმით, პროცესის მარტივად და გასაგებად ჩამოყალიბებული აღწერა, საჯარო განხილვა).
  • ადეკვატური (Adequate) - განხორციელებული პროგრამა/პროექტი პასუხობს მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევას, შეესაბამება მოსახლეობის საჭიროებებს. წარდგენილი საკონკურსო ქეისის ადეკვატურობა შეიძლება შეფასდეს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიულ მიზნებთან თანხვედრის კუთხით.
  • გაზიარებადი (Replicable) - წარდგენილი საკონკურსო ქეისის წარმატებით განხორციელება შესაძლებელია ანალოგიური გამოწვევის მქონე სხვა მუნიციპალიტეტში.
  • მდგრადი (Sustainable) - პროგრამა/პროექტი განხორციელებულია შიდა ინსტიტუციური რესურსით (საკუთარი ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსი, ასევე დონორის რესურსი/გრანტით), განხორციელებულ პროექტთან/პროგრამასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები.

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამაში მონაწილე ქეისების შეფასება ხდება ზემოაღნიშნული ხუთი კრიტერიუმის მიხედვით, თითოეულ კრიტერიუმზე ათქულიანი შეფასების შკალით. საკონკურსო თემის თავისებურებიდან გამომდინარე, ასევე, ადგილობრივი სპეციფიკისა და მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური შესაძლებლობების გათვალისწინებით, მმართველი კომიტეტის გადაწყვეტილებით თითოეულ კრიტერიუმს შეიძლება მიენიჭოს განსხვავებული კოეფიციენტი. მმართველი კომიტეტი შეფასების კრიტერიუმების კოეფიციენტებს განსაზღვრავს კონკრეტული საკონკურსო ქეისების განხილვის დაწყებამდე.

თემატიკის თავისებურებიდან გამომდინარე, საკონკურსო თემაზე მტკიცდება თითოეული კრიტერიუმით შეფასების დეტალური ინდიკატორები, რომლებიც აუცილებელია აღნიშნული ქეისის წარმატების ხარისხის შესაფასებლად - სერვისის რაოდენობრივი, სერვისის ხარისხის, სერვისის ხელმისაწვდომობის და სერვისის ხარჯთეფექტიანობის ინდიკატორები. ინდიკატორებს შეიმუშავებს შეფასების კომისია და ამტკიცებს პროგრამის მმართველი კომიტეტი.

 

  1. საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ეტაპები

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (სპპ) ეტაპებია:

  • პროგრამისათვის თემების შერჩევა და პროგრამის გამოცხადება;
  • კონკურსანტების განაცხადების მიღება;
  • მიღებული განაცხადების შესწავლა და შეფასება;
  • გამარჯვებული ქეისის გამოვლენა და დაჯილდოება
  • წარმატების მაგალითების გასაჯაროება და რეპროდუცირება სხვა მუნიციპალიტეტში

 

პროგრამისათვის თემების შერჩევა და პროგრამის გამოცხადება

პროგრამისთვის თემების არჩევს და კონკურსს აცხადებს პროგრამის მმართველი კომიტეტი. თემების შერჩევისას გასათვალისწინებელია, რომ შერჩეული იქნას მრავალფეროვანი, ფართო (და არა ვიწროდ დაკონკრეტებული), მუნიციპალიტეტებისათვის რელევანტური თემები, იმგვარად, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობას ჰქონდეს შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება წარადგინოს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

თემები უნდა ეხმიანებოდეს ევროპის საბჭოს მიერ დამტკიცებულ კარგი მმართველობის 12 პრინციპიდან (12 Principles of Good Governance) ერთ ან რამდენიმე პრინციპს:

  1. სამართლიანი არჩევნები და მოქალაქეთა ჩართულობა
  2. მოლოდინების გამართლება
  3. ეფექტურობა და ეფექტიანობა
  4. გამჭვირვალობა
  5. კანონის უზენაესობა
  6. ეთიკის კოდექსის დაცვა
  7. უნარჩვევებისა და შესაძლებობების უწყვეტი გაუმჯობესება
  8. ღიაობა, ცვლილებები და ინოვაცია
  9. მდგრადი განვითარება
  10. ფინანსების გონივრული მართვა
  11. ადამიანის უფლებები. კულტურული და სოციალური მრავალფეროვნება
  12. ანგარიშვალდებულება

ინფორმაცია საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის გამოცხადებისა და საკონკურსო თემების შესახებ, პროგრამის გზამკვლევი, და განაცხადის ფორმა შევსების ინსტრუქციასთან ერთად, განთავსდება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვებ-გვერდზე. ასევე, ინფორმაცია წერილობითი ფორმით მიეწოდება ყველა მუნიციპალიტეტს.

 

კონკურსანტების განაცხადების მიღება

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსში მონაწილე ადგილობივი თვითმმართველობის ორგანოები (მერიისა და საკრებულოს ურთიერთშეთნხმებით) არჩევენ მათ მუნიციპალიტეტში არსებულ განსაკუთრებულ პრაქტიკას და მუნიციპალიტეტის მერის მიერ სპეციალურად გამოყოფეუილი პასუხისმგებელი პირი ავსებს აპლიკაციის/განაცხადის დადგენილ ფორმას. აპლიკაციის/განაცხადის ფორმას თან უნდა ერთვოდეს პროექტის შეფასებისათვის საჭირო მასალები (მაგალითად: შესაძლებელია დამატებით წარსადგენი იყოს ფინანსური დოკუმენტაცია, ფოტო-ვიდეო მასალა და ა.შ.). განაცხადის ფორმა შემუშავებულია და დამტკიცებულია საუკეთესო პრაქტიკების პროგრამის მმართველ კომიტეტის მიერ და მისი გამოყენება სავალდებულოა კარგი პრქატის წარსადგენად.

აპლიკაციის/განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვებ-გვერდიდან. აპლიკაციის/განაცხადის ფორმას თან ერთვის კონკურსის ტექნიკური დავალება, სადაც დეტალურადაა გაწერილი განაცხადის/აპლიკაციის წარდგენისათვის განსაზღვრული მოთხოვნები, ფორმა, ვადა და სხვა.

კონკურსის ტექნიკური დავალების მოთხოვნათა დაცვით შევსებული აპლიკაცია/განაცხადი, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფორმით, სპეციალურად ამისათვის განსაზღვრულ ელექტრონულ მისამართზე. ასევე, პარალელურად, შევსებული აპლიკაცია/განაცხადი, თანდართული დოკუმენტაციით მყარი ფორმით უნდა იქნას გაგზავნილი პროგრამის განმახორციელებლის მიერ მითითებულ საფოსტო მოსამართზე.

თუ განაცხადის/აპლიკაციის ფორმა და თანდართული დოკუმენტაცია წარდგენილია არასრულად, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია უფლებამოსილია მოითხოვოს დოკუნეტაციის შევსება, რისთვისაც მონაწილე მუნიციპალიტეტს განესაზღვრება დამათებითი ვადა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ არსებული უზუსტობის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი ეთიშება კონკურსს.

 

მიღებული განაცხადების შესწავლა და დასკვნების მომზადება

აპლიკაციის/განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ შეფასების კომისია იწყებს წარმოდგენილი ქეისების შესწავლას და შეფასებას წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებისა და შეფასების ინდიკატორების მიხედვით. შეფასების კომისიის წევრები უფლებამოსილნი არიან კონკურსანტებისგან წერილობით ან ზეპირად გამოითხოვონ დამატებითი დოკუმენტი, ინფორმაცია ან მოსთხოვონ განმარტება კონკრეტულ საკონკურსო ქეისთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დაათვალიერონ საკონკურსო პრაქტიკის მიმდინარეობა და შედეგები.

შეფასების კომისიის წევრები ვალდებულნი არიან საუკეთესო პრაქტიკის განაცხადების შეფასებისას დაეყრდნონ წინასწარ დადგენილ კრიტერიუმებს და შეფასების ინდიკატორებს, გაითვალისწინონ კონკრეტული მუნიციპალიტეტის თავისებურებები, შეფასებისას იყვნენ ობიექტურები და მიუკერძოებლები.

ყოველი კონკრეტული საკონკურსო განაცხადის შესწავლის  შემდეგ შეფასების კომისიის თითოეული წევრი ადგენს შეფასების აქტს. თითოეულ საკონკურსო კეისზე კომისიის წევრების მიერ შედგენილი შეფასების აქტების განხილვა ხდება კომისიის სხდომაზე. განხილვის შედეგები აისახება საკონკურსო ქეისზე შეფასების კომისიის შემაჯამებელ დასკვნაში. საბოლოო/შეჯერებული დასკვნებისა და კონკურსანტების რეიტინგის საფუძველზე შეფასების კომისია ადგენს ყოველ გამოცხადებულ თემაზე კონკურსის მონაწილე კანდიდატთა მოკლე სიას (short-list) და აღნიშნულ სიას (შესაბამისი დასკვნებთან ერთად) წარუდგენს პროგრამის მმართველ კომიტეტს.

 

გამარჯვებული ქეისის გამოვლენა და დაჯილდოვება

მმართველი კომიტეტი განიხილავს შეფასების კომისიის მიერ გადმოგზავნილ short-list-ს და თითოეულ განაცხადზე წარდგენილ დასკვნებს. საჭიროების შემთხვევაში, მმართველი კომიტეტი უფლებამოსილია შეფასების კომისიას მოსთხოვოს დამატებითი განმარტება განსახილველ განაცხადთან დაკავშირებით. პროგრამის მმართველი კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო ქეისის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ.

გამარჯვებულთა დაჯილდოვების საპატიო ცერემონიალი იმართება საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ეროვნულ კონფერენციაზე, რომელსაც კონკურსანტ მუნიციპალიტეტებთან ერთად ესწრებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დარგობრივი კომიტეტის, ასევე, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები, დარგის სპეციალისტები, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენის გარდა, კონკურსში მონაწილე მუნიციპალიტეტების წახალისების მიზნით, კონკურსანტების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისრულის და სისწორის შეფასების შედეგად შეირჩევა სამი საუკეთესო ნაშრომი.

 

წარმატების მაგალითების გასაჯაროება, პოპულარიზაცია და გამოყენება სხვა მუნიციპალიტეტში

 

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ერთერთ მნიშვნელოვანი ეტაპია გამოვლენილი წარმატების მაგალითების რეპროდუცირება საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტბში. საუკეთესოდ აღიარებული პრაქტიკა (გამოწვევა, გადაჭრის გზა, განხორციელების ეტაპები და შედეგი) უნდა გახდეს ხილვადი და ხელმისაწვდომი დაინტერესებული  საზოგადოებისათვის როგორ ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ამისათვის, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის დასრულების შემდეგ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია უზრუნველყოფს გამარჯვებული ქეისების დოკუმენტირებას და განთავსებას შესაბამის web-portal-ზე. საუკეთესო პრაქტიკის პროგრამაში გამარჯვებული მუნიციპალიტეტბის წარმატების მაგალითების გავრცელება და პოპულარიზაცია მოხდება ასევე ათეას აღმასრულებელი საბჭოს წევრების, ათეას წარმომადგენლების, ასევე ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელმძღვანელობის კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრების მიერ.



გ ა ნ ა ც ხ ა დ ი

2020-2021 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამაში მონაწილეობაზე

-------------------------- მუნიციპალიტეტი

 

  1. პრაქტიკის/ინიციატივის სათაური:

(სათაურში მოკლედ უნდა მიეთითოს პროექტის შინაარსი)

 

  1. თემატიკა:

(გამოცხადებული საკონკურსო თემის დასახელება)

 

  1. პრაქტიკის/ინიციატივის ავტორი/ინიციატორი:

(მუნიციპალიტეტი, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, ადგილობრივი მოსახლეობა).

 

  1. მუნიციპალიტეტის ზოგადი მონაცემები:

(ძირითადი/ზოგადი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის შესახებ: დასახელება, გეოგრაფიული მდებარეობა, მოსახლეობის რაოდენობა, და ა.შ. მაქსიმუმ ნახევარი გვერდი)

 

  1. მუნიციპალიტეტის მახასიათებლები:

(გარემოებები, რომლებიც გავლენას ახდენს მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე)

 

  • შიდა ფაქტორები - იმ გარემოებების აღწერა, რომელიც გავლენას ახდენს საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში წარდგენილი პროექტის განხორციელებაზე, მაგ.: საჯარო მოხელეების კვალიფიკაცია, ფინანსური რესურსი, ტექნიკური შესაძლებლობები და ა.შ.;
  • გარე ფაქტორები - ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობა, ასევე, მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე გავლენის მქონე სხვა ფაქტორები (მნიშვნელოვან სატრანზიტო გზასთან სიახლოვე, მსხვილ საერთაშორისო პროექტში ჩართულობა და ა.შ.), რომლებსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა პროექტის განხორციელებაზე;

 

  1. პრაქტიკის/ინიციატივის მოკლე აღწერა:

 (მაქსიმუმ ერთი გვერდი. მნიშვნელოვანია, რომ შინაარსი მოიცავდეს შემდეგ სავალდებულო საკითხებს)

 

  • გამოწვევა - პრობლემის მნიშვნელოვანი გარემოებების მითითება;
  • წარსული გამოცდილება - როგორ ხდებოდა გამკლავება აღნიშნულ პრობლემასთან და რა უშლიდა ხელს მის აღმოფხვრას;
  • პასუხი არსებულ გამოწვევაზე - მოკლე აღწერა და მიღწეული შედეგი

 

 

  1. განხორციელებული პრაქტიკის/კონკრეტული ინიციატივის დეტალური აღწერა:

(გამოწვევის გამკლავების მიზნით გაწეული სამუშაო. გთხოვთ, პრაქტიკის აღწერისას თანმიმდევრულად მიყვეთ ქვემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს)

 

  • პროექტის შინაარსი;
  • აქტივობათა გეგმა/გრაფიკი (გთხოვთ წარმოადგინოთ ცხრილის სახით);
  • პროექტის განხორციელებისათვის მიღებული/გაფორმებული გადაწყვეტილებების, ან პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტების ჩამონათვალი (მუნიციპალიტეტის რელევანტური სტრატეგიული დოკუმენტები, განვითარების გეგმა, ბრძანებები, განკარგულებები, დადგენილებები, რეზოლუციები, შეხვედრის ოქმები, ინსტრუქციები და ა.შ.). აღნიშნული დოკუმენტაცია თან უნდა დაერთოს განაცხადის შევსებულ ფორმას;
  • ინფორმაცია მოქალაქეების, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ინსტიტუციების  (მ.შ. მიზნობრივი და მოწყვლადი ჯგუფების, უმცირესობების, ქალების, ახალგაზრდების, ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების, არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლების, დასახლების საერთო კრების, მერის მრჩეველთა საბჭოს, კერძო სექტორის წარმომადგენლების, საჯარო დაწესებულებების და სხვა) ჩართულობის შესახებ;
  • ინფორმაცია პროექტისთვის გამოყენებული რესურსის შესახებ. მ.შ.:

ა) ადამიანური რესურსი - საკუთარი/არასაკუთარი;

ბ) ფინანსური - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი/დონორის დახმარება;

გ) გამოყენებული მატერიალურ-ტექნიკური რესურსი;

  • პროექტის განხორციელების პროცესში გამოკვეთილი პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების აღწერა;
  • ინფორმაცია იმ პარტნიორების შესახებ, ვინც ჩართულნი იყვნენ პროექტის დაგეგმვის, ან განხორციელების ეტაპზე;
  • სხვა დამატებითი ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვანი იყო პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის;

 

  1. მიღწეული შედეგი და დადებითი გავლენა:

(დეტალური, დოკუმენტირებული ინფორმაცია მიღწეული შედეგების შესახებ)

 

  1. მიღებული გამოცდილება და გაკეთებული დასკვნები:

(ამ ნაწილში მოცემული უნდა იყოს პროექტის განმახორციელებლის  რჩევები და მოკლე გზამკვლევი იმათთვის, ვინც ეცდება აღნიშნული წარმატებული პრაქტიკა დანერგოს თავის მუნიციპალიეტეტში)

 

  • წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორები (მ.შ.: კონკრეტული მუნიციპალიტეტისათვის სპეციფიკური ფაქტორების ჩათვლით);
  • ინფორმაცია პრატიკის/ინიციატივის მდგრადობის შესახებ (გთხოვთ, მიყვეთ პუნქტობრივად):

ა) პროექტის შედეგად მუნიციპალური სერვისის მიწოდებაში ასახული ცვლილება;

ბ) პროექტის შედეგად ადგილობრივ ბუჯეტში ასახული ცვლილება;

გ) მოსახლეობის მხარდაჭერა;

დ) შეტანილია თუ არა პროექტი მომავალი წლის ბიუჯეტში;

 

  1. საკრებულოს როლი:
  • პროექტის/ინიციატივის დაგეგმვის, განხორციელების, შედეგების შეფასების საკითხში;
  • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსში მონაწილეობისათვის პრეოქტის/ინიციატივის შერჩევის საკითხში;
  • როგორი იყო საკრებულოში არსებული ფრაქციების დამოკიდეულება ამ პრაქტიკის/ინიციატივის მიმართ;

 

  1. პრატიკასთან/ინიციატივანსთან ან ამავე საკითხთან დაკავშირებული, სამომავლო გეგმების მოკლე მიმოხილვა;

 

  1. საკონტაქტო ინფორმაცია:
  • განაცხადის შევსებაზე პასუხისმგებელი პირის მონაცემები: სახელი, გვარი, თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ-ფოსტა);
  • პროექტის საკონტაქტო პირების მონაცემები: იმ პირთა სახელი, გვარი, სამსახურებრივი პოზიცია, ტელეფონი, ელ.ფოსტა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში და, საჭიროების შემთქვევაში, შეუძლიათ პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდონ დაინტერესებულ პირებს.

 

  1. თანდართული დოკუმენტების/მასალების სია

გთხოვთ განაცხადს თან დაურთოთ:

ა) პროექტის განხორციელების პროცესში შექმნილი დოკუმენტები;

ბ) პროექტთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ანგარიშები (მ.შ.: მერის, საკრებულოს წევრის ანგარიშები);

გ) ადგილობრივი ეკონომიკური განვითერბის გეგმა, სტრატეგია ან სხვა დოკუმენტი, რომელიც კავშირშია პროექტის განხორციელებასთან;

გ) პროექტის განხორციელების,  სხდომების, მოსახლეობასთან შეხვედრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა ან შესაბამისი ლინკი.

 

 

 

 

 

განაცხადის მიღების ვადაა 2021 წლის 1 ნოემბერი - 3 დეკემბერი.

შევსებული განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია გთხოვთ  ატვირთოთ ვებ-პორტალზე   bestpractice.nala.ge

* შენიშვნა:  განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ნინო ზურაბიშვილს ტელ.: 5 95 57 77 34  nzurabishvili@nala.ge